მანანა ხადური

საქართველო, თბილისი

სუდანის ვარდი, იგივე ჰიბისკუსი (Hibiscus sabdariffa),  „ფარაონების სასმელი", „კანდაგარი", წითელი ვარდი, ოკრა, კენაფი, წითელი მჟაუნა, შარონის ვარდი, „ვენეციის ბალბა". ბალბის ოჯახის ამ წარმომადგენელს მრავალი სახელი აქვს. მისი სამშობლო ინდოეთია. დღეს ეს არომატული მცენარე, მსოფლიოს მრავალ- ტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყანაში მოყავთ: სუდანი, ეგვიპტე,  ჩინეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, მექსიკა.

მალაიზიაში კარკადეს ბუნგა რაია ქვია, ნაციონალური ყვავილია და ქვეყნის გერბზეცაა გამოსახული.

მუსლიმები მას „ყველა დაავადების წამლად" თვლიან, მათთვის ყვავილის ხუთი ფურცელი ისლამის ხუთ მცნებას გამოხატავს.

ეგვიპტეში კარკადეს ფარაონების სასმელად მიიჩნევენ, რომელიც უკვდავებასა და სასიცოცხლო ძალას ჩუქნის. ძველ ეგვიპტეში ალბათ უკვე იცოდნენ კარკადეს სასარგებლო თვისებების შესახებ, არქეოლოგები ხშირად პოულობენ მის ნაშთებს სამარხებში.

აღმოსავლეთსა და აფრიკაში ჰიბისკუსს ფართოდ იყენებენ როგორც წამალს, მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

ევროპაში კარკადე უკვე მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა ცნობილი. ბოლო დროს მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა მთელს მსოფლიოში.

გამაგრილებელი ნაყენის სასიამოვნო მომჟაო გემოსა და  ლამაზ ლალისფერს (თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი კარკადე შეიძლება განსხვავდებოდეს გემოთიც და შეფერილობითაც) განსაკუთრებით სცემენ პატივს ცხელ არაბულ ქვეყნებში. ის გამოიყენება კულინარიასა და კოსმეტოლოგიაშიც.

კარკადეს სასარგებლო თვისებები განპირობებულია ზოგი მისი  თავისებურებით.

ეს სასარგებლო პროდუქტი შეიცავს: 7.5-9.5% ცილას, 13 ამინომჟავას, რომელთაგან 6 შეუცვლელია.

შეიცავს პოლისახარიდებს, მათგან პექტინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნას.

ჰიბისკუსის ყვავილს ფერს ანტოციანი აძლევს, რომელსაც კარგად გამოხატული P-ვიტამინური აქტივობა ახასიათებს. ამის გამო ის ამაგრებს სისხლძარღვების კედელს, აწესრიგებს მათ განვლადობას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები.

აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას, აწყნარებს (შესანიშნავი საშუალებაა ქრონიკული დაღლილობისა და სტრესის დროს). გაციების დროს დაგეხმარებათ, როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

ჰიბისკუსი შეიცავს ფლავანოიდ კვერციტინს, რომელიც აძლიერებს ანტოციანების მოქმედებას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოდინებას, იცავს ღვიძლს (განსაკუთრებით კარგად უმკლავდება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას), აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

კლავს ზოგ მიკრობს, შეიძლება ჰელმინთების საწინააღმდეგოდაც გამოვიყენოთ. მას გემოს ლიმონის მჟავა აძლევს, არ შეიცავს მჟაუნის მჟავას, რის გამოც ის შედარებით თამამად შეუძლიათ გამიოყენონ თირკმელების პათოლოგიის მქონე ადამიანებმა. კარკადე დადებითად მოქმედებს პანკრიასზეც.

საინტერესოა ზოგი კვლევის შედეგი შვილოსნობასთან დაკავშირებით. 6 თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ ჰიბისკუსის ნაყენი დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი ზემოქმედება აქვს საკვერცხეებზე.(100-დან 70 ქალს შვილოსნობის საშუალება მიეცა).

შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლივიტამინური სასმელი ადამიანის ორგანიზმისთვის კარგად ბალანსირებულ ინგრედიენტებს შეიცავს. გამოყენებისას მხოლოდ გარკვეული სიფრთხილე მართებთ იმ პირებს ვისაც გასტრიტი აქვს მომატებული მჟავიანობით, კარკადემ შესაძლოა კიდევ უფრო მოუმატოს მჟავიანობა.

ალერგიული მიდრეკილების ადამიანებსაც სიფრთხილე მართებთ-კარკადე საგრძნობად ალერგიულია. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენ პირადად პრობლემა არ გაქვთ ამ მცენარესთან მიმართებაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰიბისკუსი სისხლს ათხელებს, რამაც შესაძლოა გულზე დატვირთვა ცოტა გაზარდოს. ეს კარკადეს გადამეტებულ გამოყენებას ეხება, თუმცა დღეში 3 ჭიქაზე მეტ კარკადეს ალბათ ცოტა ვინმე თუ დალევს.

კარკადე კოსმეტოლოგიაში

არაჩვეულებრივად ახალისებს სახის კანს კარკადეს ნაყენისაგან დამზადებული ყინულით გაწმენდა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გაყინვის წინ შეიძლება რამდენიმე წვეთი თეთრი ღვინის დამატება. პროცედურის შემდგომ საჭიროა სახის კარგად ჩამობანა და მკვებავი საცხის წასმა .

კარკადე შეიძლება გამოიყენოთ ყავასთან ერთად პილინგის ნარევში: 1 სადილის კოვზ დაფქვილ ყავას დაასხით კარკადეს ნაყენი და არაჩვეულებრივი პილინგის მასალა თქვენს ხელთაა. მხოლოდ პროცედურის შემდგომ ეს ნარევი კარგად უნდა ჩამოიბანოთ სხეულიდან.

ადვილია კარკადეს გამოყენება წონის დასაკლებადაც. დიეტოლოგების რჩევით კარგი იქნება თუ ჩვეულებრივ ჩაის კარკადეს ნაყენით შეცვლით. სამ კვირას სვამთ -  ერთ კვირას ისვენებთ. კვების რეჟიმისა და ფიზიკური დატვირთვის თანხლებით- შედეგის გასამყარებლად.

კარკადე კულინარიაში

ახლ კარკადეს ფურცლებს სალათებში, ხორცისა და თევზის კერძებში იყენებენ. წვნიანებში თესლს უმატებენ, ხოლო ბუტონებისგან გემრიელ მურაბას ხარშავენ.

გემოვნების მიხედვით, არსებობს მრავალი რეცეპტი ჰიბისკუსის ნაყენის მოსამზადებლად:

ნაყენის გემოს და ფერის ინტენსივობა აღებული მასალის რაოდენობაზეა დამოკიდებული თან სულ ცოტა 10 წუთი მაინც უნდა აცადოთ გაჩერება. სასურველია მინის ან ფაიფურის ჭურჭლის ხმარება. მეტალმა შესაძლოა ნაყენს თვისება, ხოლო დიდხანს ხარშვამ-გემო შეუცვალოს და ფერი დაუკარგოს.

ჩვეულებრივი ჩაის ნაყენივით - ერთ ჩაის კოვზ კარკადეს ფურცლებს ვასხამთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და გემოვნებით ვუმატებთ შაქარს.

ცივ კარაკადეს ასევე ამზადებენ, მხოლოდ გაგრილების შემდეგ შეიძლება ყინულის და თაფლის დამატება.

შეიძლება კარკადეს დავასხათ ცივი წყალი და 12 ( სულ ცოტა 8) საათი გავაჩეროთ. ეს ყველაზე სასარგებლო და დიეტოლოგების საყვარელი მეთოდია. (3 ს.კ კარკადე და 1.5 ლ. წყალი).

1-2 სუფრის კოვზ კარკადეს ვასხამთ 1 ლიტრ გრილ ან თბილ წყალს და 2-3 საათით ვაჩერებთ. წყალი რომ ლალისფრად შეიფერება, შეიძლება დასატკბობად დავუმატოთ ცოტა ქიშმიში, თაფლი,  ხილი (ან 1ს.კ. ფრუქტოზა).

კარკადეს ნახარში მინის ჩაიდანში მზადდება.  2-3 სუფრის კოვზ კარკადეს და 1.5 ლიტრ წყალს მიიყვანთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე გააჩერებთ 3 წუთს. სიტკბო გემოვნებით და თქვენი ორგანიზმისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

კარკადეს სასმელი შეიძლება შეანელოთ სანელებლებითაც: დარიჩინი, ციტრუსის ცედრა, ვანილი, კოჭა, მიხაკი ან სურნელოვანი ბალახებით და ხილით: პიტნა, ბარამბო, ჟოლო, მოცხარი. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად ასევე ცივად.  ნაყენში დარბილებული ფურცლები შეგიძლით მიირთვათ კიდეც-ძალზე სასარგებლოა.

არსებობს შეხედულება, თითქოს ცხელი ჩაი ამაღლებს, ხოლო ცივი - ადაბლებს არტერიულ წნევას. ეს სათუოა, რადგან სითხე კუჭამდე ორივე შემთხვევეში, დაახლოვებით ერთნაირი ტემპერატურით აღწევს.  

ჩაის მოყვარულებმა კარგად იციან სად მოიპოვონ ეს სასარგებლო პროდუქტი: ბაზრობებზე, სპეციალურ ჩაის და ყავის ჯიხურებში, ან დაფასოებული მარკეტების დახლებზე.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

16
ნოე2019

მწვანე პომიდვრის მწნ...

თინა შავაძე თბილისი, საქართველო მწვანე პომიდვრის მწნილი ზაფრანით, ადრე საქართველოში კერძოდ, მთიან აჭ...

30
ოქტ2019

სანდრო ბრეგაძეს ქონე...

citizens.ge თბილისი, საქართველო „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამევალა რომ უარყო გ...

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.