გიორგი კუჭავა

თბილისი, საქართველო

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს და ამ გზით სარგებელი მიიღოს. ამ საქმით დაკავებული არიან პოლიტიკოსები, მმართველი ხელმძღვანელები, და თქვენ წარმოიდგინეთ ნათესავებიც კი, მაგრამ საკითხავია, ვინ ახორცილებს ჩვენზე ყველაზე მაშტაბურ შეტევას და ჩვენით მანიპულირებას?

  ჩვენი გონებისა და აზრების დაპყრობას, ანუ ჩვენით მანიპულირებას  ყველაზე ხშირად ცდილობენ პოლიტიკური ძალები და მათი მხარდამჭერი მედია-საშუალებები. ამ წერილში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან მაგალითების მოხმობით გაგაცნობთ ნოამ ჩომსკის - ამერიკელი ფილოსოფოსის, პოლიტიკური ანალიტიკოსის, ერთ-ერთი ავტორიტეტული მემარცხენე ინტელექტუალის მიერ ჩამოყალიბებულ მანიპულირების 10 ძირითად საშუალებას. მათი წაკითხვა და გააზრება, იმედია, მომავალ საარჩევნო ალიაქოთში, „ტვინის გამორეცხვის“  საშუალებებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ?!

1.ყურადღების გადატანა

უძველესი დროიდან ხალხზე ზეგავლენის მოხდენის ძირითადი მეთოდი იყო მათი ყურადღების გადატანა სერიოზული პრობლემებიდან, რომელიც უკავშირდებოდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, უმნიშვნელო მოვლენებზე.

ყურადღების გადატანა ხდება, რათა ხალხს არ მისცენ საშუალება თვითგანვითარებისათვის, მიიღონ ცოდნა ისტორიის, ფილოსოფიის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და სხვა მეცნიერებებში. ცოდნას ანაცვლებს მისტიკური ისტორიები, შოუ-ბიზნესი, სპორტი, ეროტიკა და უაზრო სერიალები - „საპნის ოპერები“.

ყურადღების გადატანის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი გახლდათ ქართულ საზოგადოებაში გირგვლიანის მკვლელობა.

13 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გაშიშვლებული და ნაწამები სხეული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული იყოგაერთიანებული ქართული ბანკისსაერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი.

ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია ამ საქმის დეტალები. აღვნიშნავ, რომ ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იმდროინდელი ოპოზიციური მედია დეტალურად აშუქებდა ამ საქმეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ყურადღების გადატანის მიზნით ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლა სიმონ კილაძე, რომელიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მას-მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა. სიმონ კილაძეს დაკავების შემდეგ, სააკაშვილის ხელისფლების მიერ კონტროლირებულ მედია-საშუალებებში გაქრა გირგვლიანის მკვლელობის თემა და აშუქებდნენ მხოლოდ სიმონ კილაძის დაკავებასა და მის „ჯაშუშობას“. ანუ, სიმონ კილაძეს დაკავება - იყო ყურადღების გადატანის მცდელობა.

2.პრობლემის შექმნა და მისი გადაჭრის საშუალების შეთავაზება

პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებულ ამ მეთოდიკას ეწოდება „პრობლემა-რეაქცია-გადაჭრა“. საამისოდ იქმნება რაიმე პრობლემა, რომელიც გამოიწვევს მოსახლეობის რეაქციას, რომლის გადასაჭრელად საჭიროა ხელისუფლების ჩართულობა.

საამისოდ, ხშირად იყენებენ ძალადობის სხვადასხვა ფორმებს - კრიმინოგენული ვითარების ხელოვნურად გაუარესებიდან დაწყებული ტერორისტული აქტების ორგანიზაციით დამთავრებული. ამ შემთხვევაში, თავად მოქალაქეები მოითხოვენ წესრიგის დამყარებას - მიღებულ იქნას განსაკუთრებულად მკაცრი ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე დათანხმდნენ სამოქალაქო თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვას.

ეკონომიკურ, ტექნოგენურ ან ტერორისტულ კრიზისს შეუძლია მოქალაქეებს აიძულოს მსხვერპლად შესწირონ საკუთარო უფლებები, და დაეთანხმონ ხელისუფლების ყველაზე არაპოპულარულ მეთოდებს, როგორც  „გარდაუვალ ბოროტებას“. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისი თავისთავად არ წარმოიშობა, არამედ იქმნება ხელოვნურად, რათა ჩვენ, მოქალაქეებმა, დავთმოთ ჩვენი უფლებები.

მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, 25 ოქტომბერს მიღებული ანტიტერორისტული კანონი, რომელიც ცნობილია როგორც “Patriot Act”, რომელმაც დროებით შეზღუდა თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები შეერთებულ შტატებში. კერძოდ, ბიბლიოთეკები ვალდებული გახდნენ მიეწოდებინათ მონაცემები, თუ რა წიგნებს კითხულობდნენ მკითხველები, რა ინტერნეტ-საიტებზე შედიოდნენ. უცხოელები, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, ემუქრებოდათ გაურკვეველი ვადით პატიმრობა. ამ კანონის მიღებიდან სამი წლის თავზე სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან პატრიკ ლიჰიმ “Patriot act”-ი ასე დაახასიათა: „დროა ბოლო მოუღოთ იმას, რომ ამერიკელი ჯაშუშობდეს ამერიკელზე, ისეთ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა“.

3 შერიგება

რათა მასამ დასტური მისცეს რაიმე არაპოპულარულ კანონს, ის ჯერ უნდა შეაჩვიო ამას, საჭიროა მისი ეტაპობრივად მიწოდება. ხანდახან ამას სჭირდება დღეები, ხანდახან კვირეები, თვეები და შესაძლოა ამას წლებიც დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე.

მაგალითად, ის რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აუცილებლად გაყალბდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ი მოსახლეობას თითქმის ორი წელი უნერგავდა.

მასობრივი უმუშევრობა, მოსახლეობის გაღატაკება და არასტაბილურობა - ყველა ეს ფაქტორი, რომელიც ერთბაშად თავს ატყდება მოსახლეობას, რევოლუციის მიზეზი ხდება.

4. გადავადება

არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება კიდევ ერთი გზით - წარმოაჩინოთ იგი როგორც მტკივნეული და უკიდურესად აუცილებელი, მაგრამ ამავე დროს უნდა მოხდეს მისი ხორცშესხმა შორეულ მომავალში. რასაკვირველია, მასების დამტკიცება აქ და ახლა უნდა მივიღოთ - ხალხი უფრო მზად არის გაიღოს გარკვეული მსხვერპლშეწირვა, ზოგადი სიკეთისთვის, ბურუსით მოცულ მომავალში.

ამ შემთხვევაში, მასის ერთ ნაწილს სჯერა, რომ კონკრეტული არაპოპულარული გადაწყვეტილება მალე არ მოხდება, მეორენი კი იმედოვნებენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სიკეთისაკენ იქნება ცვლილება და მსხვერპლშეწირვა აღარ იქნება საჭირო. უდაოა, რომ მასის ორივე ნაწილი ეჩვევიან იმ აზრს, რომ მოხდება ცვლილებები უარესობისაკენ.

ამ შემთხვევაში, ისევ მოვიყვან მაგალითს ქართული სინამდვილიდან. ალბათ გახსოვთ, თუ როგორი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტმა. კანონპროექტის განხილვა გადადეს კიდეც. მაგრამ საბოლოოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საპატრიარქოს ზეწოლით, ეს კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსმენით მიღებულ იქნა, საერთოდ მოხსნეს დღის წესრიგიდან.

5. მოექცე, როგორც ბავშვებს

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ორატორები, თავიანთ პროპაგანდისტულ გამოსვლებში, აუდიტორიას ხშირად მიმართავენ, როგორც ბავშვებს ან მოხუცებს, რომელთა გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა შეინიშნება.  მფარველობითი ინტონაციები, პრიმიტიული არგუმენტები, უბრალო შედარებები და ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მარტივი სიტყვების კრებული - ინფანტილური სიტყვების მარაგია, რათა მსმენელი შეცდომაში შეიყვანო. გავიხსენოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა თელავში, სადაც მან ილუსტრაციისათვის ზაპოროჟეცი, ვოლგა და მერსედესი გამოიყენა.

ფსიქოლოგებმა შენიშნეს, თუ ადამიანს მიმართავ როგორც 8-10 წლის ბავშვს, ალბათობა მიიღო ზრდასრული ადამიანის პასუხი, კრიტიკულად გააზრებული შეფასება, ძალზე მცირეა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მანიპულატორები აქტიურად იყენებენ თავის მოსაზრებას მასების შეცდომაში შეყვანისათვის.

ქართულის, ისევე როგორც პოსტსაბჭოური პოლიტიკური კულტურის მნიშვნელოვანი მახასიათებელია პატერნალიზმი. თანამედროვე გაგებით, პატერნალიზმს აქვს მრავალი ინტერპრეტაცია, რომელიც, ზოგადად, ერთ იდეოლოგიურ პრინციპს ემყარება - ”მამობრივი მოვლა”. ყოფილ საბჭოთა კავშირში პატერნალიზმი  სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მრავალ ასპექტში ფართოდ იყო წარმოდგენილი: ყველა მცირეწლოვანი ბავშვი იყო ილიჩის შვილიშვილი. სტალინი ამბობდა რომ ადამიანი, პიროვნება - არარაობაა, „ვინტია“. მოგვიანებით კი კომპარტიამ აიღო ხალხისთვის „მამობრივი ზრუნვის“ ფუნქცია. არ შევცდები თუ აღვნიშნავ, რომ პატერნალისტური ტრადიცია ყოველთვის თანდაყოლილი იყო ქართულ ისტორიაში, კულტურასა და პოლიტიკურ პროცესებში. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში გამოცემულ რუსულენოვან გაზეთ „ობზორ“-ში ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ქართველები, ისევე როგორც სხვა აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანული მოსახლეობა, მეფეს თვლიდნენ მამამთავრად, და თუ მეფე გონიერი იყო, სახელმწიფოს საქმეებიც კარგად მიდიოდა.

სხვადასხვა ეპოქაში პატერნალიზმი სხვადასხვა ფორმას იღებდა, მაგრამ ამით მისი არსი არ იცვლებოდა.

6. ნაკლები გააზრება - მეტი ემოცია

ნეიროლინგვისტური პროგრამირების კლასიკური ხერხია ადამიანის მიერ მიმდინარე მოვლენების რაციონალური ანალიზის ბლოკირება, ხოლო უარეს შემთხვევაში - ემოციების მეშვეობით მოვლენის კრიტიკული აღქმა. ემოციური ფაქტორების გამოყენება ფართო საშუალებას იძლევა ქვეცნობიერში შეაღწიო, სადაც ადვილია დანერგო შიში, სურვილები და საქციელიც კი. ამის ნათელი მაგალითია ე.წ. „ქართველი“ ევრაზიელებისა და პრორუსული „რბილი ძალის“ მიერ უკანასკნელ დროს პედალირება, თითქოს და საქართველოს ემუქრება „მუსლიმური ძალა“.

ემოციები არასდროს არ უწყობდა ხელს ლოგიკას, ამიტომაც თუ მედია თავს გახვევს კოშმარებს, რომელიც უკავშირდება ტერორიზმს, ხელისუფლების კოშმარებს, დამცირებებს გახსოვდეთ - აქ მცდელობაა თქვენი მანიპულირებისა, რათა ყურადღება გადაიტანოთ არსებული უბედურების რეალური მიზეზიდან.

მაგალითისთვის: რუსული მედია რამოდენიმე წელია ტეხს განგაშს, რომ „კარგავენ აჭარას“. რუსულ მედიაში ხშირად ჩნდება პუბლიკაციები, თუ როგორ აქციონ საქართველოსთვის აჭარა „აქილევსის ქუსლად“. საამისოდ რუსული პროპაგანდა და ე.წ. „ქართველი“ ევრაზიელები და სხვა პრორუსული ძალები მიმართავენ ემოციურ ფონს - იყიდება საქართველო, ქონება გადადის მუსლიმების ხელში. ამ ემოციური განცხადებების უკან ნათლად ჩანს რუსეთის მიზანი - აჭარაში შექმნას დესტაბილიზაციის კერა და მოახდინოს ეროვნებათაშორისი და კონფესიური დაპირისპირება რეგიონში. ისინი აღნიშნავენ, რომ ქრისტიანული მოსახლეობის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი მხოლოდ რუსეთი იქნება.

7 უმეცრობის დანერგვა

ამ შემთხვევაში, ძირითადი ინსტრუმენტია უმეცრობის, უვიცობის კულტივირება, რათა ამ გზით გააღრმავონ უფსკრული საზოგადოების ზედა და ქვედა ფენებს შორის. ხშირად,  ეს კეთდება განათლების მეშვეობით - განათლების ხარისხის დაქვეითება საშუალებას იძლევა მივიღოთ მოსახლეობა პრიმიტიული აზროვნებით და დაბალი მოთხოვნით. ამის ერთ-ერთი მიზანია - ხელი შეუშალონ ხალხს გააცნობიერონ ის მეთოდები და ტექნიკა, რომლებიც გამოიყენება მათზე გავლენის მოსაპოვებლად.

2003 წლის 23 ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების - ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მეშვეობით ხელისუფლებაში მოსულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ და განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ პირდაპირ ეთერში განაცხადეს რომ საქართველოს არ სჭირდება ზედმეტად განათლებული ხალხი და რომ წიგნმა არ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ამ ამოცანის შესასრულებლად საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში დაბალი დონის სწავლება დაინერგა.

XVIII საუკუნის ფრანგი მწერალი ანტუან რივაროლი აღნიშნავდა, რომ „როდესაც ხალხი მმართველებზე უფრო განათლებულია, ქვეყანა ძალზედ ახლოს არის რევოლუციასთან“.

8. მეორეხარისხოვანი ადამიანის (უსარგებლო) კულტი.

მოსახლეობას უნერგავენ მოსაზრებას, რომ დღეს მოდაში ვულგარული, სულელი და ცუდად აღზრდილი ადამიანია. ეს მიდგომა უკავშირდება წინას და ის  მიმართულია „ბნელი“ საზოგადოების ფორმირებისკენ, სადაც  გაბატონებულია უვიცობა. მეორეხარისხოვანი წარმოჩენილია როგორც საზოგადების შეფასების ეტალონი მის ყველა ასპექტში - კულტურა, მეცნიერება, რელიგია, პოლიტიკაში..

„ყვითელი პრესა“, დაბალი ხარისხის ესტრადა, სულელური კინოფილმები, მდარე იუმორისტული გადაცემები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის ქსელებით, მოწოდებულია ერთი მიზნით, არ გაიზარდოს ჩვენი თვალსაწიერი და სიღრმისეულად არ ჩავწვდეთ რეალურ ფაქტებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, აწ გარდაცვლილმა ნოდარ ტაბიძემ, ოდესღაც ბრძანა, რომ მისი მთავარი ამოცანაა აღზარდოს პუბლიცისტი.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ამავე ფაკულტეტის ახალმა დეკანმა დავით პაიჭაძემ კი განაცხადა, რომ მისი ამოცანაა აღზარდოს არა პუბლიცისტი, არამედ რეპორტიორი.

აქვე აღვნიშნავ თუ რა სხვაობაა პუბლიცისტიკასა და რეპორტიორს შორის. პუბლიცისტიკა – ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა თანამედროვე აქტუალურ თემებზე. ის მასშტაბურად იყენებს ცხოვრებისეულ მასალას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ფაქტების ასახვით გარკვეულ პოლიტიკურ იდეას ავითარებს. პუბლიცისტიკის ფართო დიაპაზონი განაპირობებს მისი ფორმების მრავალფეროვნებას. პოლიტიკურის გარდა გვხვდება ეკონომიკური, მორალურ-ეთიკური, ფილოსოფიური ხასიათის პუბლიცისტიკა. ასევე, ინფორმაციული, ანალიტიკური, პოლემიკური, დისკუსიური და სხვ. არსებობს საგაზეთო-საჟურნალო პუბლიცისტიკის ჟანრები – ინტერვიუკორესპონდენციარეცენზია, მთავარი და პრობლემური სტატიები, მიმოხილვა, წერილი, ნარკვევიპამფლეტიფელეტონი და ა.შ.  რეპორტიორი კი გაზეთის, ჟურნალის, რადიოს, საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც აგროვებს ცნობებს სხვადასხვა ამბისა და შემთხვევის შესახებ.

ჟურნალისტის პუბლიცისტად ჩამოყალიბებისთვის მრავალი წელია საჭირო.

შედარების ამგვარი ფორმით, რა თქმა უნდა არ ვაკნინებ რეპორტიორის პროფესიას. კარგ რეპორტიორს უნდა შეეძლოს იმ თემების შერჩევა, რომელიც ხალხისთვის საინტერესო და აქტუალურია. მან უნდა გააშუქოს ,,ყველაფერი, რაც ხვალ ნაკლებ საინტერესო იქნება, ვიდრე დღესაა’’. გადაამოწმოს მასალა, რადგან ,,იხვების’’გავრცელება დაუშვებელია, მოუსმინოს სხვადასხვა მხარეს და რაც მთავარია, მასალა ობიექტურად გააშუქოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ,,სიმართლის მოპარვაც ქურდობაა.’’  რეპორტიორმა უნდა შეძლოს მასალის ობიექტურად გაშუქება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის რომელიმე რესპოდენტის მიმართ, უარყოფითადაა განწყობილი და მერწმუნეთ, ეს ძალზედ რთული საქმეა!

9. დანაშაულის გრძნობის გაძლიერება

კონფუცი (ქრისტეს შობამდე  551-479 წწ.) აფრთხილებდა საზოგადოებას: „უფრთხილდი მათ, ვისაც თქვენში დანაშაულის გრძნობის ჩანერგვა უნდა, რადგანაც მათ თქვენზე ბატონობა სურთ“.

იმანუილ კანტი თვლიდა, რომ სინდისს განგება გვანიჭებს. სინდისი არ აძლევს ადამიანს საშუალებას ბოროტება ჩაიდინოს, იწვევს მასში სინანულსა და უბიძგებს სიკეთისკენ. სინდისი - ადამიანურობის გამოხატვის უდიდესი გრძნობაა, თუმცა ძნელია ცხოვრება სინდისით ...

სინდისი ღვთისაგან არის ბოძებული, დანაშაულის შეგრძნება ადამიანისგან მოდის. ფორმულირება ასეთია: რაც გააკეთე! შენ ცუდი ხარ და დაისჯები!

და ყველაზე ამაზრზენი მანიპულაციები დაკავშირებულია დანაშაულთან. ისინი, ვინც ადამიანს შთააგონებს სინანულის გრძნობას, სურს დააკისროს დანაშაულის გრძნობა, სურთ პიროვნების თუ საზოგადოების სრული დაქვემდებარება, მათ სურთ შეინარჩუნონ დეპრესიული პიროვნება, მისი კუთხეში მიმწყვდევა და ამით ჩაკლან საზოგადოების სწრაფვა ცვლილებებისაკენ.

დანაშაულის გრძნობის გაღვივება უფრო ეფექტურია, ვიდრე ბაქტერიოლოგიური ან ბიოლოგიური იარაღი. და თუ მან, დანაშაულის გრძნობამ, შეაღწია თქვენს ტვინში, ხორცსა და სისხლში, მაშინ პიროვნება, თუ საზოგადოება ვეღარ ამჩნევს, ბევრ შესაძლებლობას კარგავს. ეს გრძნობა სპობს ნებისყოფას და ამახინჯებს სამყაროს ნამდვილ სურათს. ადამიანი, თუ საზოგადოება, რომელიც განიცდის ცოდვას, რომელიც მას არ ჩაუდენია, მორჩილი ცხვრის მსგავსია, რომელიც მზად არის ბრმად დაემორჩილოს მწყემს.

10. ადამიანებზე იმაზე მეტის ცოდნა, ვიდრე მათ თავად  იციან საკუთარ თავზე

მეორე მსოფლიო ომის მომდევნო წლებში მეცნიერებამ კოლოსალური ნაბიჯი გადადგა. მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამან გაარღმავა უფსკრული მართველ კლასებსა და რიგით მოსახლეობას შორის.

გამოყენებითმა ფსიქოლოგიამ, ნეირობიოლოგიამ და სხვა ჰუმანიტარული მეცნირებების დარგებმა უზრუნველყვეს ადამიანის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის მყარი ცოდნა. სისტემას აქვს დიდი ცოდნა პიროვნების შესახებ, რაც ნიშნავს რომ მას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ადამიანებზე.

მსოფლიოში მუდამ იყო განსხვავება ცოდნაში საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. დღეს კი, მეცნიერების განვითარების ფონზე, ეს დიფერენცია მხოლოდ გაძლიერდა. ადამიანზე იმაზე მეტის ცოდნა, ვიდრე მან იცის საკუთარ თავზე და მისი უცოდინარობით მისი დაშინება და მანიპულირება, ხშირად გამოიყენება.

მაგალითად, ადამიანს უნერგავენ მოსაზრებას, რომ მთელი უბედურების მიზეზი თავადაა და ეს მისი დაბალი გონებრივი შესაძლებლობების- ნიჭის არარსებობის, გაუნათლებლობისა და პათოლოგიური სიზარმაცის-შედეგია.

გავიხსენოთ სააკაშვილის მართველობისას თუ როგორ ნათლავდნენ ქართველ გლეხს ზარმაცად, და ამ ნაკლის გამოსასწორებლად, ანუ ქართული სოფლის განვითარების მიზნით, მაშინდელ ხელისუფლებას სამხრეთ აფრიკიდან ბურების ჩამოსახლება სურდა. ანალოგიური გაიმეორა „ქართული ოცნების“ სიით გადეპუტატებულმა და ახლა ამ პარტიდან გამოყოფილმა კანონმდებელმა დავით ჭიჭინაძემ: „სწავ­ლა რომ უყ­ვარ­დეს, ის გლე­ხი არ იქ­ნე­ბო­და, და­მი­ჯე­რეთ, სხვა ად­გილს მი­აგ­ნებ­და ამ ცხოვ­რე­ბა­ში.“

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

09
ოქტ2019

ქართული „საცუმა“ ევრ...

citizens.ge თბილისი, საქართველო ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვა...

07
ოქტ2019

„ტვინის გამორეცხვის“...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.