რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ტაჯიკეთის დამოუკიდებლობა, თუმცა ანალოგიურად მოიქცა ირანი შუა აზიის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ.

1992 წლის იანვარში ირანმა გახსნა თავისი საელჩო დუშანბეში. ტაჯილეთის საელჩო თეირანში ფუნქციონირებს 1995 წლიდან. ამ ორ ქვეყანას აკავშირებს ენა, ისტორია და კულტურა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ტაჯიკეთია მოსახლეობაზე.
რუსეთის საბჭოთა იმპერიის დაშლისას, 1990 წლების დასაწყისში ტაჯიკეთის ინტელიგენციის ნაწილი ირანულ მოდელს მიიჩნევდა საკუთარი ქვეყნის განვითარების საუკეთესო მოდელად. აქვე უნდა ითქვას, რომ ტაჯიკეთში 1992-1997 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომს დასრულებაში დიდი ღვაწლი მიუძღვნის ირანს. ხელს უწყობდა რა დაპირისპირებული მხარეების დიალოგს და იმავდროულად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ირანის ისლამური რესპუბლიკა ორივე მხარეს აწვდიდა ჰუმანიტარულ დახმარებას. ასე, 1992 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებების დროს ტაჯიკეთის კულიაბის რეგიონი იზოლაციაში აღმოჩნდა, მაშინ ირანის ელჩი ა. მ. შაბისტარი დაუკავშირდა კულიაბის ოლქის ხელმძღვანელს ე. რახმონოვს, რათა მასთან მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საკითხები შეეთანხმებინა.
რადგან კულიაბის ოლქი წარმოადგენდა ეროვნული თანხმობის მთავრობის მოწინააღმდეგე ბანაკს, დუშანბეს აეროპორტმა ირანის საელჩოს უარი უთხრა კულიაბში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის თაობაზე. ამის გამო, კულიაბში ჰუმანიტარული დახმარება პირდაპირი ავიარეისებით ჩაჰქონდათ. ამან ხელი შეუწყო ტაჯიკეთის მოსახლეობის ნაწილში ანტიირანული განწყობების ზრდას, რასაც მოსკოვიც უწყობდა ხელს. ტაჯიკეთის მოსახლეობის ნაწილი შიშობდა, რომ ამით თეირანი აძლიერებდა ისლამისტურ დაჯგუფებებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანში გავრცელებულია შიიზმი, ხოლო ტაჯიკეთში კი სუნიზმი, და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დუშამბეში ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდებოდნენ ისლამისტები, მათი პოლიტიკა კოორდინირებული ირანთან არ იქნებოდა.
დღეს ირანს მეორე ადგილი უკავია ტაჯიკეთის ეკონომიკაში ინვესტიციებით, უთმობს რა პირველობას მხოლოდ ჩინეთს. კერძოდ, ირანელები აშენებენ ჰიდტოელექტროსადგურ სანგტუდა-2, აშენებენ გვირაბ "ისტიკლოლს", ემზადებიან შურაბადის ჰესის მშენებლობისთვის, ასევე შენდება რამოდენიმე მცირე ელექტროსადგური. აღსანიშნავია, რომ თეირანს სურს მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური აზიის რეგიონში უმსხვილესი როჰუნის ჰესის მშენებლობაში. ამჟამად ირანელი ინჟინრების დახმარებით შენდება საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებიც დააკავშირებს ტაჯიკეთს, ავღანეთსა და ირანს.
ეკონომიკური პროექტების გარდა ირანი აქტიურად მონაწილეობს ტაჯიკეთის კულტურულ ცხოვრებაში. ტაჯიკეთში რეგულარულად ტარდება სპარსული ენისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარები და სიმპოზიუმები, ფუნქციონირებს სპარსული ენის ფონდი, ირანის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა რუდაკისა და ამირა კაბირას სახელობის ბიბლიოთეკები. იმამ ჰომეინის სახელობის კომიტეტი ტაჯიკეთში ადგილობრივი მთავრობის ხელშეყობით ხელს უწყობს მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილის მიერ ოჯახური და რელიგიური წესჩვეულებების შესრულებაში.
ირანისა და ტაჯიკეთის დაახლოების სურვილს ასევე მეტყველებს ორი სახელმწიფოს მისწრაფება, რათა ჩამოყალიბდეს სპარსულენოვან სახელმწიფოთა კავშირი, სადაც ირანისა და ტაჯიკეთის გარდა, შევა ავღანეთიც. ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა გასული წლის მარტში თეირანში გამართული ამ სამი სახელმწიფოთა ლიდერის შეხვედრაზე. "ჩვენს შორის არარსებობს ენობრივი ბარიერი. ერთად ერთი კი ისაა, რომ ავღანეთში ამ ენას ეწოდება დარი, ტაჯიკეთში - ტოჩიკი, ხოლო ირანში - ფარსი. მაგრამ ესაა ერთი ძირის განაყოფი. ჩვენ გვაქს არა მარტო საერთო ისტორია და კულტურა, ჩვენი პრობლემებიც იდენტურია. და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რათა გადავჭრათ არსებული პრობლემები" - განაცხადა ირანის ელჩმა ტაჯიკეთში ალისაგარ შერდუსტმა.