რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

სტრესებმა შეიძლება უთვალავი დაავადება დაგვმართონ. პრობლემები გულსისხლძარღვთა სისტემაში (პირველ რიგში ჰიპერტონია), საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (განსაკუთრებით კუჭის წყლული), სასუნთქ სისტემაში (უპირველესად ბრონქიალური ასთმა) და მრავალი სხვადასხვა ,,ქალური" თუ ,,მამაკაცური" დაავადება.

სტრესი ასევე აქვეითებს იმუნიტეტს, რასაც მივყავართ სხვადასხვა ინფექციურ, ვირუსულ თუ ონკოლოგიურ დაავადებამდე.
ხალხური სიბრძნე ღაღადებს რომ ,,ყველაფერი ნერვების ბრალია" მრავალი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამავე დასკვნამდე მიდის. გარდა ფიზიკური სხეულის დაზიანებისა, სტრესი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას. მათგან ყველაზე გავრცელებულია დეპრესია ,,21-ე საუკუნის ჭირი".
ზოგჯერ ლაპარაკობენ ეუსტრესზე ანუ სტრესზე რომელიც დადებითმა ემოციამ გამოიწვია, (ამბობენ, რომ ბომარშეს მამა გარდაიცვალა აღფრთოვანებისაგან , მაშინ როცა მისი შვილი მას პირველად უკითხავდა ,,სევილიელ დალაქს"; ხოლო რაჯ კაპურმა გონება დაკარგა, როცა ინდოეთის პრეზიდენტმა მას ქვეყნის უმაღლესი კინომატოგფრაფიული ჯილდო გადასცა და თითქმის მაშინვე გარდაიცვალა), ან არც თუ ისე ძლიერ სტრესზე, რომელიც იწვევს ორგანიზმის მობილიზაციას.
დისტრესი ნეგატიური ტიპის სტრესია, რომელსაც ორგანიზმი ვერ უმკლავდება. ის ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს მძიმე დაავადებებს. განსაკუთრებით მოწყვლადია იმუნური სისტემა. სტრესის დროს ადამიანები ხშირად ავადობენ სხვადასხვა ინფექციებით, რადგან ამ დროს მკვეთრად დაქვეითებულია იმუნური უჯრედების პროდუქცია.
,,სტრესი" ხშირად აღიქმება, როგორც გარემოს უარყოფითი, უსიამოვნო ზემოქმედება. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, სიტუაცია სასიამოვნო იყო თუ უსიამოვნო - სტრესული რეაქციის ჩასართავად. ჩვენთვის ხშირად ძნელი წარმოსადგენია, რომ სიცივე, სიცხე, ბავშვის დაბადება, მგზავრობა, ძლიერი წამლების მიღება ბიოქიმიურად ერთსა და იმავე მექანიზმს რთავს.
მაგალითად ქალს შეატყობინეს რომ მისი ერთადერთი შვილი ომში დაიღუპა, წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა და სულიერი განცდები. გავიდა დიდი დრო და აღმოჩნდა, რომ ის შეტყობინება მცდარი იყო და ქალთან ოთახში დაბრუნებული შვილი გაუფრთხილებლად შევიდა. სიძლიერის მიხედვით არ მგონია მეორე მდგომარეობა პირველს რაიმეთი ჩამორჩეს, თუმცა დედის ემოცია ორივე შემთხვევაში დიამეტრულად განსხვავებულია სტრესის ბიოქიმიური რეაქცია აბსოლუტურად ერთნაირია.
სტრესის გარკვეული დონე ჩვენთვის აუცილებელია. ადამიანები ინდივიდუალური არსებანი არიან და ამიტომ ეს დონეები საკმაოდ განსხვავებული იქნება.
ვიღაცას სრული, თითქმიც მცენარესავით მშვიდი არსებობა უნდა, თუმცა ასეთ ადამიანს ალბათ იშვიათად შეხვდებით.
ასევე იშვიათია მეორე ტიპის უკიდურესობა, როცა ადამიანი იდეალისკენ სწრაფვას სწირავს ყველაფერს, როგორც მიქელანჯელო, ეინშტეინი, ვან გოგი... პატივმოყვარეობის დონის მიხედვით ადამიანები ისწრაფვიან იდეალის სხვადასხვა დონისკენ და უმეტესობა ამ ორ უკიდურესობას შორისაა.
სტრესი - დაძაბულებაა, ამიტომ სტრესის შესამცირებლად უბრალოდ უნდა მოდუნდეთ. თუმცა თანამედროვე ადამიანს ეს სულ არ შეუძლია.
,,სტრესი- ეს ის არაა რაც თქვენ დაგემართათ, ეს ისაა რასაც თქვენ აღიქვამთ"- ჰანს სელიე

მსგავსი სტატიები: